გვრიტი

იყო და არა იყო რა, იყო ერთი გვრიტი, ცხოვრობდა თავისთვის ერთ ხეზე, იდგამდა ბუდეს, ჩეკდა ბარტყებს და მზრუნველადაც უვლიდა, — ადრე დილიდან მზის ჩასვლამდე ფრთებჩაუკრეფლად დაფრინავდა და შვილებს საზრდოს უზიდავდა. საღამოობით დაღლილ-დაქანცული, მაგრამ ბედნიერი, ჩამოჯდებოდა ბუდის გვერდით და მიდამოს ნელი გვრინით ატკბობდა.
ერთხელაც ბარტყებისთვის საჭმლის საშოვნელად შორს მოუხდა გაფრენა და ბუდეს დიდი ხნით მოშორდა. ერთმა გლეხმა ამით ისარგებლა, ამოსხა გვრიტის პაწაწინა ბარტყები და შინ წაიყვანა.
დაბრუნდა გვრიტი შორეული მოგზაურობიდან და საზრდოც — ჭიაღუა და მსუქანი მატლები — ბლომად მოიტანა, მაგრამ სადღა არიან ბარტყები? — ბუდე ცარიელი დახვდა. დაღონდა გვრიტი, ბუდის გვერდით ფრთებჩამოყრილი ჩამოჯდა და მწარედ ატირდა.
ტირილით რომ გული მოიოხა, ადგა და შვილების საძებნელად წავიდა. ცოტა გზა რომ გაიარა, წინ მამალი შემოხვდა ჰკითხა”.
— გვრიტო, გვრიტო, სად მიდიხარო?
— შვილების საძებნელადო.
— მოდი, მეც შენი მშველელი ვიქნებიო.
— ძალიან კარგიო, — უთხრა გვრიტმა, — მშველელი და ამხანაგი კაცს სწორედ გაჭირვების ჟამს უნდაო, — და გაიყოლა.
წავიდნენ ორნი. წინ გვრიტი მიდის, უკან მამალი. იარეს, იარეს და წინ მახათი შემოეყარათ.
— გვრიტო, გვრიტო საით გაგიწევიაო? — ჰკითხა მახათმა.
— შვილების საძებნელადო.
— ეგ მამალი რაღას მოგდევსო?
— ჩემს საშველად მოდისო.
— მაშ მეც შენი მშველელი ვიქნებიო.
— ძალიან კარგიო, — მიუგო გვრიტმა.
შეუერთდა მახათიც და გაუდგნენ გზას სამნი. წინ გვრიტი მიდის, უკან მახათი და მამალი მისდევენ, იარეს, იარეს და ახლა ფილთაქვა შემოხვდათ.
— გვრიტო, გვრიტო, საით გაგიწევიაო? — ჰკითხა ფილთაქვამ.
— შვილების საძებნელადო.
— ეგ მამალი და მახათი რაღას მოგდევენო?
— ჩემ საშველად მოდიანო.
— მაშ მეც შენი მშველელი ვიქნებიო.
— ძალიან კარგიო.
შეუერთდა ფილთაქვაც და წავიდნენ ოთხნი. წინ გვრიტი მიდის, უკან მამალი, მახათი და ფილთაქვა მისდევენ. იარეს, იარეს და ახლა ვირი შემოხვდათ.
— გვრიტო, გვრიტო, საით მიდიხარო? — ჰკითხა ვირმაც.
— შვილების საძებნელადო.
— ეგ მამალი, მახათი და ფილთაქვა რაღად მოგდევენო?
— ჩემ საშველად მოდიანო.
— მაშ მეც შენი მშველელი ვიქნებიო.
— ძალიან კარგიო.
შეუერთდა ვირიც და წავიდნენ ხუთნი. შუაღამისას ერთ სოფელში შევიდნენ, დაუგდეს ყური და ერთი სახლიდან პატარა გრიტების ღუღუნი გაიგონეს. მივიდნენ სახლთან, შევიდნენ ეზოში და საომრად მოემზადნენ: ვირი სახლის კარებთან აიტუზა, მახათი ჭუჭრუტანიდან შეძვრა და ბუხრის პირას დაერჭო. გვრიტი, მამალი და ფილთაქვა ერდოდან ჩავიდნენ. მამალი ბუხრის თავზე შემოჯდა, ფილთაქვა ნაღვერდალში ჩაეფლო, ხოლო გვრიტი გალიასთან მიფრინდა და ბარტყების გამოხსნას შეუდგა.
დედის დანახვაზე ბარტყებამა ერთი ჭყიპინი და კრუშ-კრუში ატეხეს. ხმაურზე კაცს გამოეღვიძა, წამოვარდა ლოგინიდან და, რომ გაეგო, სიბნელეში რა ხდებოდა, ბუხართან ცეცხლის ასანთებად მივიდა . გაჩხრიკა თუ არანაღვერდალი, ფილთაქვა გასკდა და ნაცარი თვალებში შეეყარა. კაცი შეშინდა, უკან დაიწია და ბარძაყში ახლა მახათი შეერჭო. ამ დროს მაღლიდან მამალმაც დაჰყივლა. კაცს შეეშინდა და გულგახეთქილი გარეთ გავარდა. კარებთან ვირი დახვდა და გვერდებში ისეთი წიხლები უტყუპა, რომ სამი ყირა გადაატარა.
ამასობაში გვრიტმა გალია გახსნა, გამოიყვანა თავისი ბარტყები, შეისხა ფრთებზე და გახარებულმა ბუდისკენ გააფრინა.

ჭირი–იქა, ლხინი–აქა,
ქატო—იქა, ფქვილი — აქა

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

Create your website with WordPress.com
დაიწყე
<span>%d</span> bloggers like this: