ღორი მუხის ქვეშ

ერთი ღორი მუხის ქვეშ რკოს ჭამდა. ღორმა ბევრი რკო შეჭამა და დაიძინა. რომ გამოიღვიძა, ისევ მოშივდა. მივიდა მუხის ძირას და ფესვების თხრა დაიწყო. მუხის ხეზე ჩხიკვი იჯდა. ჩხიკვმა ღორს დასჩხავლა:
„ამას რატომ აკეთებ? ფესვს თუ გამოთხრი, მუხა გახმებაო“.
ღორმა უპასუხა: „მე რა მადარდებს, ამ ხეს ჩემთვის სარგებელი არასოდეს მოუტანია,
გინდ ხმელი იყოს, გინდ ნედლიო“ და ფესვების ჩიჩქნა განაგრძო. ამის გამო მუხა გაბრაზდა და ღორს დაუყვირა:
„მსუქანო ღორო, როგორ თუ სარგებელი არ გახსოვს ჩემგან? რკოს ხომ მე გაძლევ საჭმელად, მაგრამ თავს ვერ წევ მაღლა და, აბა, რას დაინახავო“.

შეგონება: უჭკუო ადამიანი ღორს ჰგავს – არ უყვარს
სწავლა და ჭკუის დარიგება და ვერ ხვდება, რა ანიჭებს
ამქვეყნად ბედნიერებას.

დატოვე კომენტარი

Design a site like this with WordPress.com
დაიწყე