ზარმაცი კაცი

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, იყო ერთი ზარმაცი კაცი. ქვით ქვაზე არაფერი გააჩნდა და არც თავს იწუხებდა. მეზობლები სამადლოდ ხან რას უგზავნიდნენ და ხან – რას: საჭმლის ნარჩენს, ხმელ პურს, ნახმარ ძონძებს. ზარმაცი შეჭამდა კეთილი ხალხის ნაწყალობევს და ისევ მხართეძოზე წამოწვებოდა.

მეზობლებმა რაკი ნახეს, რომ თვითონ თავს არაფერზე იწუხებდა, ეს მცირე მოწყალებაც შეუწყვიტეს და დარჩა ზარმაცი მშიერ-მწყურვალი. რა ქნას, გარედან არაფერის იმედი აქვს და არც რაიმე შინ მოეპოვება — არც ფქვილი, არც მარცვალი, არც პური და არც სატანი. მოშივდა ზარმაცს და თქვა, თუა არ გავისარჯე, ცუდად არის ჩემი საქმეო. გამოვიდა კარში და შეხვდა თაგვი. უთხრა ზარმაცმა:

  • ჩემო თაგუნა, ხვალ წვეულება მაქვს, დილით ადრე მობრძანდი და კაი პატივს გცემ, ოღონდ   ხელს ერთი ჯამი ხორბალიც გამოაყოლეო.
  • კარგი, გეწვევი და ხორბალსაც მოგიტანო, – შეჰპირდა თაგვი.

წავიდა ზარმაცი კაცი და ახლა კატა შეხვდა. ზარმაცმა კაცმა ისიც დაპატიჟა.

  • ჩემო ციცუნი, ხვალ წვეულება მაქვს, საუზმის დროს მოდი და კაი პატივს გცემ. ოღონდ, რომ წამოხვალ , ერთ თავი ყველი გამომიყოლეო.
  • ადვილი სამსახურიაო, – უთხრა კატამ და  გემრიელი საჭმლის გახსენებაზე ულვაში მადიანად მოილოკა.

წავიდა კაცი და ახლა მელია შემოხვდა, უთხრა ზარმაცმა:

  • ჩემო მელაკუდავ, ხვალ წვეულებას ვიხდი, კარგად რომ მოდღევდება, იმ დროს მოდი და კაი პატივს დაგახვედრებ, ოღონდ ერთი მსუქანი დედალი გამომიყოლეო.
  • კარგიო, – უთხრა მელიამ,- ერთ დედალს მეც შემოგაწევო.

წავიდა კაცი და ახლა მგელი შეხვდა.

  •   მგელო კუდბაწარო, უთხრა კაცმა, – ხვალ დიდი წვეულება მაქვს და დამეწვიე, სადილობისას მოდი და კაი პატივს გცემ, ოღონდ ფეშქაშად ერთი ცხვარი გამომიყოლეო.
  • კარგიო, –  უთხრა მგელმა, ერთი ცხვარი დიდი არაფერიაო.

წავიდა ზარმაცი კაცი და შეხვდა დათვი. უთხრა ზარმაცმა:

  •   ჩემო ბებერო ბიძია, ხვალ დიდი წვეულება მაქვს და სამხრობისას მეწვიე, კაი პატივს გცემ, ოღონდ ხელცარიელი არ მოხვიდე, ერთი ძროხა მაინც გამომიყოლეო.
  • კარგიო, – დათვმაც უთხრა, – ერთ ძროხაზე პირს როგორ შევირცხვენო.

დაბრუნდა ზარმაცი შინ გახარებული. გათენდა მეორე დღე წამოდგა კაცი, მიალაგა სახლი და დაიწყო სტუმრების ლოდინი. ის იყო იჟიჟრიბანდა, რომ თაგვიც მოცუნცულდა და ერთი ჯამი ხორბალი მოიტანა. ზარმაცმა ჯამი ჩამოართვა და კარადაში შეინახა. თაგვი კი ბუხრის პირას დასვა, ნამგზავრი ხარ, შეგცივდებოდაო. თვითონ  კარში გამოვიდა და კატას დაელოდა. მზის ამოსვლისას კატაც მოვიდა  და შეპირებული ერთი პირი გუდის ყველიც მოუტანა. ზარმაცმა ყველი ჩამოართვა და უთხრა:

  •   შედი შინ, შენთვის ბუხრის პირას კაი საუზმე მაქვს მომზადებული. შეექეცი და მეც მალე შემოვალო.

შევიდა ციცა შინ. დაინახა ბუხრის პირას წამოსკუპებული თაგვი, ეცა მაშინვე და გემრიელად ჩაახრამუნა.

გავიდა ცოტა ხანი, და მელიაც გამოჩნდა, პირში მსუქანი დედალი ეჭირა და კუდის ქნევით მოცუნცულებდა. ზარმაცი კაცი სიცილით შეეგება, დედალი ჩამოართვა, საქათმეში შესვა და მელას უთხრა:

  • დიდი მადლობელი ვარ, რომ ასეთი ჯიშიანი დედალი მომიყვანე. მაგრამ ვალში არც მე დაგრჩენილვარ, მეც კარგი ლუკმა დაგახვედრე, შედი შინ და ბუხრის პირას ნახავო.

შევიდა მელა შინ, ნახა ბუხრის პირას ტკბილად ჩაძინებული კატა, ეცა და ერთ წუთში შეახრამუნა. გამაძღარი კი კატის ადგილზე წამოწვა.

ის იყო ამოსცდა მზე მთას და მგელიც მოვიდა. ზურგზე ერთი მაკე ცხვარი მოეგდო და ხვნეშით მოდიოდა. ზარმაცი კაცი შეეგება მგელს, მისი მოყვანილი ცხვარი ფარეხში შეაგდო და უთხრა:

  •  მადლობელი ვარ კარგი ძღვენისათვის, მაგრამ ხელცარიელი არც მე დაგხვედრივარ, შედი შინ და ბუხრის პირას ნახავო.

შევიდა მგელი, ნახა წამოწოლილი მელა და მაშინვე ყელი გამოღადრა..

ახლა დათვი იყო მოსასვლელი. ცოტა ხნის შემდეგდათნიაც მობაჯბაჯდა. ზურგზე ძროხა წამოეკიდა და ბურტყუნ-ბურტყუნით მოაბიჯებდა. შეეგება ზარმაცი. ჩამოართვა ძროხა და უთხრა:

  • შედი შინ, ბუხრის პირას შენთვის გემრიელი საკბილო მყავს მომზადებული, ერთი შენებურად, მადიანად შეახრამუნე და მეც მალე შემოვალო.

შევიდა დათვი, ეცა ცეცხლს მიფიცხებულ მგელს და ერთ წამში სული გააფრთხობინა. მერე ასო-ასო დაგლიჯა, შემოაძრო ტყავი და უკანასკნელ ჩიჩქამდე გამოხიწა.

ზარმაცმა ძროხა ბოსელში შეაგდო და თვითონ დათვთან შევიდა. გამაძღარი დათვი ცეცხლს მიფიცხებოდა და სისხლიან ტუჩებს ილოკავდა. კაცმა შეხედა დათვის მსუქან ზურგს და გაიფიქრა, ეს რომ აქედან ცოცხალი გავუშვა და ამის ყაურმა არ ვჭამო, რაღა ბიჭობა იქნებაო, დაუჯდა დათვს გვერდით და მოთაფლული ხმით უთხრა:

  •  ჩემო მეგობარო ბიძიავ, ეს მგელი კი შეგაჭამე მაგრამ არ კმარა, კაი სადილს კაი პირის ჩასატფკბარუნებელიც უნდა, მოდი წავიდეთ აქვე ტყეში ერთი თაფლიანი ხე მეგულება, გამოხეჩე და ისიც შენი იყოსო.

თაფლის ხსენებაზე დათვს პირწყალი მოადგა და კაცს ძუნძულით გაჰყვა. კაცმა იცოდა, რომ იმ ტყეში ერთი ხვადი ლომი ბუდობდა და უნდოდა დათვი მისთვის მოეკვლევინებინა. მართლაცშევიდნენ თუ არა ტყეში, იკრა ლომმა დათვის სუნი და ტევრიდან კბილალესილი გამოვარდა. კაცი ხეზე შეხტა, ლომი დათვს ეცა და თვალის დახამხამების უმალ მოახრჩო.

ლომი რომ წავიდა, კაციც ჩამოვიდა ხიდან, მოსჭრა თავი მკვდარ დათვს, გამოშიგნა და შინ წამოიღო. შინ რომ მიიტანა, ტყავიც გახადა, ერთი ფეშხო მეზობლებში პურზე გაყიდა, მეორე ფეშხო საზამთროდ ჩააბასტურმა, ტყავისა კი თბილი ქურქი შეიკერა.

ასე და ამგვარად, ღარიბი-ღატაკი კაცი ცხოვრებას მოეკიდა: სარჩოც იშოვა, სათბილობელიც და საყოლი მსხვილფეხ-წვრილფეხიც. რაკი ფუძე დაიდო, სიზარმაცეც დასძლია, საქმეზე გავიდა და ერთ-ორ წელიწადში მდიდარ მეზობლებს გაუტოლდა.

ჭირი–იქა, ლხინი–აქა,
ქატო—იქა, ფქვილი — აქა

თხა და ვენახი

მოდი ვნახო, ვენახი.
რამ შეჭამა ვენახი?
მიველ, ვნახე ვენახი.
თხამ შეჭამა ვენახი.

მოდი, ვნახო თხა.
რამ შეჭამა თხა?
მიველ, ვნახე თხა.
მგელმა ჭამა თხა.

მგელმა – თხა,
თხამ ვენახი შეჭამა.

მოდი, ვნახო მგელი,
რამ შეჭამა მგელი?
მიველ, ვნახე მგელი,
თოფმა ჭამა მგელი.

თოფმა – მგელი,
მგელმა – თხა,
თხამ ვენახი შეჭამა.

მოდი, ვნახო თოფი .
რამ შეჭამა თოფი?
მიველ, ვნახე თოფი,
ჟანგმა ჭამა თოფი.

ჟანგმა – თოფი,
თოფმა – მგელი,
მგელმა – თხა,
თხამ ვენახი შეჭამა.

მოდი, ვნახო ჟანგი.
რამ შეჭამა ჟანგი?
მიველ, ვნახე ჟანგი,
მიწამ ჭამა ჟანგი.

მიწამ – ჟანგი,
ჟანგმა – თოფი,
თოფმა – მგელი,
მგელმა – თხა,
თხამ ვენახი შეჭამა.

მოდი, ვნახოთ მიწა,
რამ შეჭამა მიწა,
მიველ, ვნახე მიწა,
თაგვმა ჭამა მიწა.

თაგვმა – მიწა,
მიწამ – ჟანგი,
ჟანგმა – თოფი,
თოფმა – მგელი,
მგელმა – თხა,
თხამ ვენახი შეჭამა.

მოდი, ვნახო თაგვი.
რამ შეჭამა თაგვი?
მიველ ვნახე თაგვი.
კატამ ჭამა თაგვი.

კატამ – თაგვი,
თაგვმა – მიწა,
მიწამ – ჟანგი,
ჟანგმა – თოფი,
თოფმა – მგელი,
მგელმა – თხა,
თხამ ვენახი შეჭამა.

ეზოპეს ბრძნული გამონათქვამები

1.) უკეთესია ისწავლო სხვის შეცდომებზე ვიდრე შენსაზე.

2.) მოყენებულ ზიანს აპატიებ,მაგრამ ვერ დაივიწყებ.

3.) სიმამაცე ადვილია,როცა დაცულ დისტანციაზე იმყოფები.

4.) რწმენა ხანდახან უფრო ეფექტურია ვიდრე ძალა.

5.) უფრო პატარაა გონება,უფრო დიდია პატივმოყვარეობა.

6.) რაც უფრო ერთად ვდგევართ,უფრო ცალ-ცალკე ვეცემით.

7.) არასოდეს სთხოვო რჩევა გასაჭირში მყოფ კაცს.

8.) იყავი კმაყოფილი იმისა,რაც გაქვს.ყველაფერში პირველი ვერ იქნები.

9.) მომჭირნეობაა,როცა დღევანდელ მარაგს ხვალისთვის ამზადებ.

10.) ერთად ყოფნა ძალას გვმატებს.

11.) ხალხს ხშირად შურს სხვების იმ საქციელების,რომელითაც თავად ვერ ისიამოვნეს.

12.) ყოველი პატიება ტირანს ემსახურება.

13.) სიახლოვე ბადებს ზიზღს.

14.) საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის მქონე ადამიანების გზები საკუთარი განადგურებისკენ მიდის.

15.) ჩიტი არა მხოლოდ კარგი ფრთებით ფასდება.

16.) ნელი და გამძლე იგებს რბოლას.

17.) მტრის ხაფანგში შეღწევა უფრო ადვილია,ვიდრე იქიდან გამოსვლა.

18.) მე არაფერი მესაქმება კაცთან,რომელიც ცხელ და ცივ ჰაერს ერთნაირი ამოსუნთქვით უშვებს.

19.) არ დაითვალო წიწილები სანამ არ გამოიჩეკებიან.

20.) ბევრს ვინანებდით თუ ყველა ჩვენი სურვილი ასრულდებოდა.

ქარი და მზე

ერთხელ ქარი და მზე წაიჩხუბნენ, რათა დაემტკიცებინათ ერთმანეთისათვის თავიანთი სიძლიერე. ქარმა თქვა:მე დავამტკიცებ, რომ უფრო ძლიერი ვარ. ხედავ ქურთუკიან მოხუცს? ნიძლავს ვდებ, რომ ვაიძულებ მას გაიხადოს პალტო, რასაც შენ ვერ მოახერხებ . . .მზე ღრუბლებს მოეფარა, ხოლო ქარმა ისე სწრაფად დაიწყო ქროლვა, რომ მტვერი ავარდა. მაგრამ რაც უფრო ძლიერად უბერავდა ქარი, მით უფრო ეხვეოდა ქურთუკში მოხუცი, რომ მისგან თავი დაეცვა. ბოლოს ქარი დაცხრა და დანებდა.და ამის შემდეგ მზე ამოვიდა და მოხუცს მხიარულად გაუღიმა. მოხუცმა იმ წუთში გაიხადა ქურთუკი. და მაშინ მზე შეეკითხა ქარს:როგორ ფიქრობ, სიკეთე და მეგობრობა უფრო ძლიერია, თუ ბოროტება და ძალდატანება?

იგავი ცრუ მეგობრებზე

კურდღელი ტყეში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მასთან მეგობრობა ყველას სიამოვნებდა და ბევრი სხვა ცხოველი ამაყობდა კურდღელთან მეგობრობით.
ერთ დღეს კურდღელმა გაიგო, რომ მონადირეები სანადირო ძაღლებით აპირებდნენ ტყეში კურდღლებზე სანადიროდ წასვლას. კურდღელი შეშინდა და იმ მეგობრების ძებნა დაიწყო, რომლებიც მას გაქცევაში დაეხმარებოდნენ.პირველად კურდღელი ცხენთან მივიდა და სთხოვა დახმარებოდა გაქცევაში. ცხენმა უარი უთხრა:– დღეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმე მოსაგვარებელი, დარწმუნებული ვარ სხვა მეგობრებს ეცლებათ შენთვის და პრობლემა არ შეგექმნება – უთხრა მან კურდღელს.შემდეგ კურდღელი კამეჩთან მივიდა და სთხოვა ძაღლებისგან დაეცვა იგი. კამეჩმა უთხრა:– ვწუხვარ ძვირფასო მეგობარო. დღეს საღამოს მნიშვნელოვანი პაემანი მაქვს, ვერ გადავდებ. აი, მგონი ჩვენი მეგობარი თხა უარს არ გეტყვის დახმარებაზე –მიასწავლა კამეჩმა.კურდღელი თხასთანაც მივიდა. თხა დაფიქრდა, მაგრამ შეეშინდა, რომ ძაღლები მასაც ფიზიკურ ზიანს მიაყენებდნენ და უთხრა:– ვწუხვარ მე არ შემიძლია, რომ დაგეხმარო. ცხვართან მიდი იქნებ იმან გიშველოს რაიმე.კურდღელი ცხვართანაც მივიდა. ცხვარმა უთხრა:–დიდი სიამოვნებით დაგეხმარებოდი, რომ შემეძლოს. მემგონი შენთვისაც ცნობილია, რომ მეძებრებს ადვილად შეუძლიათ, როგორც კურდღლის ასევე ცხვრის დაგლეჯვაც. არ ვიცი რა ვქნა.ამ დროს მეძებრები უკვე ახლოს იყვნენ კურდღელთან. და ამ უკანასკნელმა ძალა და მხნეობა მოიკრიფა და თავისი საოცარი სისწრაფის წყალობით სასწაულებრივად დაუსხლტა მდევრებს ხელიდან.

ფარშევანგი და ღმერთი

ფარშევანგმა ღმერთს შესჩივლა: – განა რა ბრალი მიმიძღვოდა თქვენს წინაშე, რომ ასეთი საშინელი ხმა მარგუნე წილად?! –  ღმერთმა მიუგო: ყველა ფრინველი განსაკუთრებული ნიჭით არის შემკული: თუ ბულბული თავისი ტკბილი ხმით აღგემატება, სამაგიეროდ, შენ უფრო ლამაზი ფრთები გაქვს. არწივი ძალით გამოირჩევა, ხოლო ყვავს ცუდი ამბის წინასწარმეტყველება შეუძლია. თუ გსურს თავს უბედურად არ გრძნობდე, ღმერთისგან მონიჭებული წყალობა უნდა იკმარო! 

ლომი, ვირი და მელა

ერთხელ ლომი ვირი დამელა სანადიროდ წავიდნენ,ნადირი მრავლად დახოცეს და გამარჯვებულნი დაბრუნდნენ შინ. ნანადირევის გაყოფა ლომმა ვირს დაავალა.  ვირმა კი მთელი ნადავლი სამ თანაბარ ნაწილად გაყო. მაშინ განრისხდა ლომი, მოკლა საბრალო ვირი და ნანადირევის განაწილება ახლა მელას მიანდო. მელამ ნანადირევის მხოლოდ უვარგისი ნაწილი დაიტოვა თავისთვის, ხოლო დანარჩენი უკლებლივ ლომს მიართვა. – ვინ გასწავლა, ჩემო საყვარელო,ასე მშვენივრად განაწილება? – ჰკითხა ლომმა. –ვირის სიკვდილმაო, –მოკლედ მიუგო მელამ.

მგელი და წერო

ერთხელ მგელს ძვალი გაეჩხირა ყელში. აქეთ–იქით აწყდებოდა და ყველას დახმარებას სთხოვდა. – რა დაგმართნიაო?  – ჰკითხა წერომ. მგელმა თავისი გასაჭრი უამბო და დახმარებისთვის ფასდაუდებელი ჯილდოც აღუთქვა. მოხიბლულმა წერომ გრძელი კისერი მგლელს პირში ჩაუყო, ნისკარტით ძვალს დასწვდა და ამოიღო. გახარებულმა მგელმა ზედაც არ შეხედა წეროს. მაშინ მკურნალმა დაპირება შეახსენა. მგელი ჯერ განრისხდა, ხოლო შემდეგ სიცილით უთხრა: –ჰოი, უმადურო არსებავ! თავი მგლის პირში გედო და უვნებელი კი გადარჩი,  ამაზე მეტი ჯილდო რაღა გინდაო?!

მოხუცი და სიკვდილი

ერთ მოხუცს ზურგზე შეშა აეკიდა და სახლისაკენ მიჰქონდა. მძიმე ტვირთმა ძალა გამოაცალა და ძლივსღა მილასლასებდა. ბოლოს მოთმინება დაეკარგა, შეშა მიწაზე დაყარა და სიკვდილს მოუხმო. სიკვდილმა არ დააყოვნა და მოხუცს გამოეცხადა. – რისთვის მიხმობდი? – ჰკითხა მან, –მოხუცი გაფითრდა და ხმის კანკალით მიუგო: – მინდოდა დამხმარებოდი შეშის აკიდებაში, ახლა რომ მხრებიდან ჩამომცვივდაო. – სიკვდილმა თხოვნა აუსრულა. მოხუცი უკანმოუხედავად გარბოდა და სახლამდე ისე მივიდა, რომ დაღლა არ უგრძვნია.

ცხენი და ვირი

ერთ კაცს ცხენი და ვირი ჰყავდა. აჰკიდა პატრონმა ვირს მძიმე ტვირთი და გზას გაუყენა.  ცხენი კი შედარებით თავისუფლად მიკუნტრუშებდა. – გამიგონე, მეგობარო, – უთხრა ვირმა, – თუ ჩემი სიცოცხლე გსურს, მცირედი ტვირთი მომაკელი და შენ აიკიდე! – მაგრამ ცხენმა არ ისმინა ვირის ვედრება. მაშინ გაუჭირდა ვირს, დაეცა და სულიც დალია. პატრონმა მთელი ტვირთი ცხენს გადაჰკიდა და ვირის ტყავიც ზედ დაუმატა. – ვაი, უბედურო ჩემო თავო! – წარმოთქვა ცხენმა. – მცირედის წაღება არ ვისურვე და აი, შედეგიც: მთელი ტვირთი და საბრალო ვირის ტყავიც ჩემი სათრევი შეიქნაო!

Create your website with WordPress.com
დაიწყე